დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის შეფასებით, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესების გააქტიურება არასწორად დაგეგმილმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია.
როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, ცენტრის სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ ვითარებას და მათი შეფასებით, საფრთხე რეალურია. გოდოლაძის თქმით, ტერიტორია დაუყოვნებლივ საჭიროებს კვლევას, რომ შეფასდეს, არის თუ არა საფრთხე მოსახლეობისთვის.
“ეს ჩვენი სამეცნიერო ჯგუფის პირველადი შეფასებაა. ვფიქრობთ, რომ ეს მეწყერი სხვადასხვა მიმართულებით დამატებით კვლევებს მოითხოვს. რაც შეეხება პირველად შეფასებას, ეს არის ვიზუალური. ხილული პრობლემა არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა ბოლომდე შეფასებულია და რა პრობლემებიც ზედაპირზე დგას, მხოლოდ ეს არის პრობლემა და მეწყრული ტანის სიღრმეში სხვა პროცესები არ ვითარდება. რეალურად რაც ჩანს, მოწყვეტის სიღრმე არის დაახლოებით 19 მეტრი და ვიზუალური დაკვირვებით არის ნახევარი მილიონი კუბი, რაც შესაძლებელია მოწყდეს მაპროვოცირებელი მოვლენების შემთხვევაში და მასა ქვევით წამოვიდეს. შესაძლოა, ეს მეწყერი უფრო დიდ ტერიტორიაზე ვრცელდებოდეს ზუსტად იმ კომპლექსური გეოლოგიური სტრუქტურებიდან გამომდინარე, რაც გვაქვს ლისზე. ეს არის ძალიან დიდი, კომპლექსური სტრუქტურა, რომელიც ტექტონიკური აქტივობით ხასიათდება, რაც შესაბამისად დიდ სეისმურ აქტივობასაც იწვევს”,-განაცხადა გოდოლაძემ.
მისი თქმით, მონიშნულია ადგილები, რომელიც დაუყოვნებლივ კვლევას და შეფასებას საჭიროებს იმისთვის, რომ შესაძლო საფრთხე თავიდან იყოს აცილებული. გოდოლაძის განმარტებით, უხვი ნალექის ან სეისმური აქტივობის შემთხვევაში, შესაძლოა მეწყრული პროცესები გააქტიურდეს.
“რეალურად, ეს პროცესები პროვოცირებულია არასწორად დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოდან გამომდინარე. სავარაუდოდ, არასწორად იყო გეოლოგიური გათვლები გაკეთებული. ყველამ იცოდა, რომ ეს ფერდი არის მეწყერსაშიში, ეს არანაირად არ წარმოადგენს საიდუმლოს, რომ გეოლოგიური სტრუქტურიდან გამომდინარე, შესაძლო იყო მეწყრული პროცესების განვითარება. 2015 წელს, როდესაც თბილისის მერი დავით ნარმანია იყო, თბილისის მოვლენებიდან გამომდინარე, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესები განვითარდა. ამის შესახებ ყველა ინფორმირებული იყო, რომ იქ მეწყერსაშიში ზონაა”,-განაცხადა გოდოლაძემ.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა.
“მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.” – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ 16 მარტს გავრცელებულ ინფორმაციაში.