მაშველებმა ხინოს ხეობაში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხინოსა და გომის მთებს შორის იმყოფებოდა ორი გზააბნეული მოქალაქე, რომლებიც ვერ ახერხებდნენ უსაფრთხო ადგილზე ჩამოსვლას და ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება. ერთ-ერთ მათგანს მიღებული ჰქონდა ქვედა კიდურის დაზიანება, რის გამოც მაშველების მისვლამდე, დაკარგულებს მოუწიათ მთებს შორის არსებულ ხევში გაჩერება.
რთული რელიეფის და უამინდობის მიუხედავად მეხანძრე-მაშველები 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში სხვადასხვა მიმართულებიდან, აჭარისა და გურიის რეგიონებიდან ახორციელებდნენ სამაშველო ოპერაციას. მეხანძრე-მაშველთა სპეციალური ჯგუფები ხეობებში ქვეითად გადაადგილდებოდნენ და დეტალურად ამოწმებდნენ ყველა ლოკაციას. ოპერაციაში 70 თანამშრომელი იყო ჩართული. მათ შეძლეს ორი მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენა. ორივე მათგანი უვნებლად გამოიყვანეს. ამ დროისათვის მათ სიცოცხლესა და უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება.
სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი აქტიურად იყო ჩართული.