მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო დეფიციტშია კიდევ ერთი მედიკამენტი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდაა საჭირო – ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.
საუბარია ენოქსაპარინზე, სისხლის გამათხელებელზე. ექიმები მას თრომბოზისა და თრომბოემბოლიისკენ მიდრეკილ პაციენტებში იყენებენ.
მწვავე დეფიციტზე მეტყველებს რესპუბლიკური საავადმყოფოს მიერ შესყიდვების სააგენტოსთვის გუშინ გაგზავნილი წერილი, რომლითაც კლინიკის ხელმძღვანელობა 25 ათასი დოზა ენოქსაპარინის სასწრაფოდ შესყიდვას ითხოვს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე მის ფილიალში, რუხის საავადმყოფოში ჯამში 230 ერთეული ენოქსაპარინია დარჩენილი, რის გამოც პაციენტების სიცოცხლე შესაძლოა, რისკის ქვეშ დადგეს.
დოკუმენტაციით ასევე ირკვევა, რომ რესპუბლიკურმა საავადმყოფომ მიმართა ენოქსაპარინის შესაძენად მის კონტრაქტორ კომპანია გეფას, თუმცა უარი მიიღო, რადგან მედიკამენტის შესაბამისი მარაგი აღარც გეფას აქვს.
საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ “მთავარ არხს” განუცხადა, რომ ენოქსაპარინით თითქმის ყველა პაციენტს მკრუნალობენ, ამიტომ მარაგის შევსება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
“ყველაზე მეტად მოხმარებადი მედიკამენტია. ერთგვარი ანტიკუაგულანტია, რომელსაც ვუკეთებთ ყველა პაციენტს, რომელსაც ოდნავ რისკი მაინც აქვს თრომბოემბოლიის განვითარების, პრაქტიკულად ყველას. ამ დროისთვის გვაქვს მაგრამ აუცილებლად უნდა გვქონდეს მარაგი, იმიტომ რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტების რაოდენობა დიდია”, – თქვა გოფოძემ.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი დეფიციტშია. ასეთივე პრობლემა შეიქმნა ტოცილიზუმაბზეც, რომელიც კოვიდ-19-ის გართულების დროს გამოიყენება.
MTAVARI.TV