პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის 2019 წლის 13 ოქტომბერს, ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საკითხებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს მიმართა.
როგორც ორგანიზაცია წერს 2019 წლის ივლისში იურისტებს დასახმარებლად ქალმა მიმართა, რომელიც მასზე სისტემური ძალადობის შესახებ ყვებოდა და აღნიშნავდა, რომ საფრთხე ემუქრება.
“მამაკაცი მას ტელეფონისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით უგზავნიდა არასასურველი შინაარსის წერილებს, ქალის შესახებ სხვადასხვა პირებისგან აგროვებდა ინფორმაციას, ემუქრებოდა და დაჟინებით მოითხოვდა, გამხდარიყო მისი სექსუალური პარტნიორი. მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ, მამაკაცმა ქალის თვალწინ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და დაემუქრა, რომ ან მას მოკლავდა ან თავს მოიკლავდა.
ორგანიზაციამ 2019 წლის 2 აგვისტოს მიმართა პოლიციას, ითხოვა გამოძიების დაწყება და ქალის დაცვის მიზნით შემაკავებელი ორდერის გამოცემა. შეტყობინების შესვლიდან მეორე დღეს დაიწყო გამოძიება და გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომელიც სავარაუდო მოძალადემ რამდენჯერმე დაარღვია. მამაკაცისგან ქალის დასაცავად, სამართალდამცავ ორგანოებს დღემდე არ გამოუყენებიათ სისხლის სამართლებრივი მექანიზმი, რაც მიმდინარე საფრთხის ქვეშ აყენებს მსხვერპლს.
გამოძიების დაწყების პირობებშიც კი, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მსხვერპლის დაცვა შემდგომი ძალადობისგან. შესაბამისად, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სახელმწიფო არაეფექტურად იძიებს ქალზე ძალადობის ფაქტს, რის გამოც 2019 წლის 13 ოქტომბერს, ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საკითხებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს მიმართა.” – ნათქვამია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.