ამის შესახებ კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია წერს : ,,ძალიან ვწუხვარ მათე ციხესაშვილის გარდაცვალების გამო – ვინც მთელი ცხოვრება თავისუფალი საქართველოს და თავისუფალი იჩქერიის მსახურებას მიუძღვნა.
გასულ საუკუნეში ინგლისელ მწერალ ქალს, ლესლი ბლანჩს დაწერილი აქვს მონუმენტური რომანი იმამ შამილზე და დიდ კავკასიურ ომზე “the sabers of paradise” – “სამოთხის მახვილები”. სწორედ აქ აღწერილი მიურიდების მსგავსად ედგა მათე გუშაგად და მცველად მშობლიურ კავკასიას.
როგორც იჩქერიის პარლამენტის წევრს ემიგრაციამ მოუწია 1999 წელს ჩეჩნეთში რუსეთის მორიგი შემოჭრის დროს. მას შემდეგ სტრასბურგში ცხოვრობდა. საქართველოშიც ჩამოდიოდა ხოლმე. ბოლო ხანებში დაღონებული მწერდა, რომ სასაზღვრო სამსახური ქვეყანაში რატომღაც აღარ მიშვებსო. ეს საკითხი კი მოგვარდა, მაგრამ ძალიან მტკივა გული, რომ იგი ვეღარ ნახავს მშობლიურ ხეობას, მხოლოდ სულეთის სიმაღლეებიდან გადმოხედავს, სადაც ზვიადი და ჯოხარი, ვაჟა და ბაისუნგური, ასევე კავკასიის სხვა გმირები სუფევენ.
Дал геч дойл! დაალ გიაჩ დოილ!”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.