დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსი, შესაძლოა, მობილური ტელეფონის საშუალებითაც გავრცელდეს, თუ მასთან შეხება ინფიცირებულ ადამიანს ექნება. თუმცა, მისი თქმით, ვირუსის ამ გზით საქართველოში გავრცელება ნაკლებად რეალისტურია.
როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩინეთში ამ მიზნით მობილურ ტელეფონებზე სპეციალურ დამცავ საშუალებებს იყენებენ.
„რა თქმა უნდა, საქართველოში ეს ამ ეტაპზე ნაკლებ რეალისტურია ისევე, როგორც ფულით გავრცელება, მაგრამ მობილური ტელეფონი, როგორც ყველაზე უფრო გამოყენებადი ნივთი, თუ ის ინფიცირებულ ადამიანს აქვს, მისი დაცემინების და ხველების შემდეგ, ვირუსი რამდენიმე საათი სხვადასხვა ზედაპირებზე რჩება. ის შეიძლება, ხელის საშუალებით იქნეს გადატანილი. ჩინეთში, სადაც ამ დაავადების დიდი გავრცელება არის, ეს შემთხვევები აღწერილია. ჩინეთში რეკომენდირებულია მობილური ტელეფონების შესაბამისი დამცავი საშუალებებით გამოყენება“,-განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსნებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან.
კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა.
კორონავირუსის მესამე შემთხვევა კი 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი დაუდგინა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანში იმყოფებოდა.
სამივე პაციენტი ამ დრომდე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა სტაბილურია.