კორონავირუსის პირველი ლაბორატორიული ვერსია შემუშავებულია. მას მსოფლიოში პირველებმა ავსტრალიელმა მეცნიერები მიაგნეს. ამის შესახებ მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უკვე აცნობეს.
ვირუსი მელბურნში, პიტერ დოერტის ინფექციისა და იმუნიტეტის ინსტიტუტში გამოიყვანეს.
24 იანვარს ჩინეთიდან ავსტრალიაში ჩავიდა მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსის ნიშნები ჰქონდა. ტესტირებამ აჩვენა, რომ იგი დაინფიცირებული იყო. მასზე დაკვირვებით, მეცნიერებმა შეძლეს, ლაბორატორიაში ამ ვირუსის არა მხოლოდ გენომი (ორგანიზმის უჯრედში შენახული მემკვიდრული მასალის ერთობლიობა), არამედ კორონავირუსის სრულყოფილი ნიმუში შეექმნათ. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
ვირუსს ავსტრალიის ლაბორატორიებში გადააგზავნიან. მეცნიერებს შესაძლებლობა ექნებათ ტესტირების ყველა მეთოდი გამოსცადონ, შეადარონ მისი მგრძნობელობა, სპეციფიკა და ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნან. ვირუსი, ასევე, შესასწავლად ევროპის იმ ლაბორატორიებში გადაიგზავნება, რომლებიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ.
ვირუსის ლაბორატორიული ვერსია მეცნიერებს ასევე ანტისხეულის შემუშავების შესაძლებლობას მისცემს, რაც ხელს შეუწყობს დაავადების ადრეულ სტადიაში გამოვლენას.
ჩინეთში კორონავირუსი 2019-nCoV-ით დაავადებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, დაინფიცირების 5974 შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთაგან 1239 პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. დაღუპულთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა.