„ნამახვანჰესის“ პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნათელია, რომ პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს,- ამის შესახებ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ცენტრი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების შესახებ ანალიზსს ავრცელებს.
EMC-ის შეფასებით, ხელშეკრულებიდან ჩანს, სახელმწიფოს მიერ კომპანიისათვის მიცემული არაერთი გარანტია და მხარდაჭერის პირობა, რამაც შესაძლებელი გახადა კანონმდებლობის მკაცრი მოთხოვნების გვერდის ავლით და ფორსირებულად, როგორც ძირითადი ნებართვების მიღების, ასევე მშენებლობის პროცესის დაწყება.
„ხელშეკრულების ანალიზი აჩვენებს, რომ კომპანია საქართველოს ბუნებრივ რესურსს ფაქტობრივად უსასყიდლოდ ითვისებს და არ იღებს ვალდებულებას, ენერგიის რეალიზება მოხდეს შიდა ბაზარზე, რაც აბათილებს ქვეყნის ენერგო-უსაფრთხოების თუ ეკონომიკური სარგებლის არგუმენტებსაც კი.
იმ შესაძლო გარემოებების სია, რა შემთხვევაშიც კომპანია ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს სახელმწიფოსგან, განუსაზღვრელად ფართოა და უთანასწორო მდგომარეობაში ამყოფებს ქვეყანას იმის გამოც, რომ სახელმწიფოს კონტროლს მიღმა არსებული რისკების გადაზღვევას ითხოვს საბიუჯეტო სახსრებით. შეთანხმებით ფაქტობრივად ყველა შესაძლო ბიზნეს რისკი, კომპანიის სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტით არის დაზღვეული.
ეკონომიკის სამინისტრო დიდი ხნის განმავლობაში არ ასაჯაროვებდა ამ ხელშეკრულებას. ის მხოლოდ 2021 წლის 7 თებერვალს გასაჯაროვდა, როცა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ifact-მა დოკუმენტის ნაწილი მოიპოვა და გამოაქვეყნა. EMC-მ შეისწავლა ეს ხელშეკრულება და ამ დოკუმენტში შეთანხმების შინაარსს კრიტიკულად მიმოიხილავს.
EMC მიიჩნევს, რომ სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დადებული შეთანხმება მნიშვნელოვანი რისკების შემცველია, რამდენადაც ის არსებითად თმობს სახელმწიფო ინტერესებს კერძო კომპანიის სასარგებლოდ, რაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობით გამოწვეულ მნიშვნელოვან ზიანთან და საფრთხეებთან ერთად, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის ეკონომიკურ სარგებლიანობას და როლს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში“,- აღნიშნულია ანალიზში.
EMC-ის ანალიზი ვრცლად იხილეთ ბმულზე.