“კლინიკა ბომონდი” ეხმიანება “სოლიდარობის ქსელის” მიერ გავრცელებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ კლინიკის ერთ-ერთ ფილიალში-“ქობულეთის ცენტრალურ საავადმყოფო-ბომონდში” შრომის ინსპექცია დარღვევების გამოსავლენად შევიდა.
შრომის ინსპექციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ “ბომონდი”-ს ქსელის ყველა კლინიკაში, ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით, კოვიდპანდემიის მართვაში ჩართულ
სხვა სამედიცინო დაწესებულებებში.
შრომის ინსპექცია ინტერესდება
რამდენად და როგორ სრულდება კოვიდ პროგრამაში ჩართული მედპერსონალისათვის იმ სახელფასო დანამატების გაცემა, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის განსაზღვრული.
“სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ “ბომონდი”-ს ქსელის ყველა კლინიკაში მაქსიმალურად არის დაფასებული თითოეული იმ პირის შრომა, რომელიც პანდემიას ებრძვის და პანდემიის დღიდან მთელი ძალისხმევით იბრძვის ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.
თითოეულ მათგანზე შრომითი ანაზღაურება და სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული დანამატი დათქმულ ვადებში გაიცემა.
“კლინიკა ბომონდი” მადლობას უხდის თითოეულ თანამშრომელს კლინიკისა და პაციენტების მიმართ გაწეული დაუღალავი შრომისათვის,”-აცხადებენ კლინიკაში.