“კლასიკური კოპროდუქცია” – ქართულ-პოლონურ სპექტაკლს ერთ მოქმედებად ლადო მესხიშვილის თეატრში მასპინძლობს.
პოლონელმა დრამატურგმა კატაჟინა კნიხალსკამ ,,კლასიკური კოპროდუქციის“ პიესა ორი სამსახიობო ჯგუფის – ელენა მოდჟეიევსკას სახელობის ლეგნიცისა და ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობების საუბრებსა და იმპროვიზაციაზე დაყრდნობით შექმნა. სწორედ რეპეტიციების პროცესში გამოიკვეთა ის თემები, რომლებიც საფუძვლად უდევს სპექტაკლის შემადგენელ ექვს სურათს. თითოეული სურათი დამოუკიდებელ, მთლიან ერთეულს წარმოადგენს, თითოეული მათგანი სხვადასხვა სპექტრით წარმოაჩენს საქართველოსა და პოლონეთის გადაკვეთის წერტილებს, ეს შეიძლება იყოს მსგავსი ისტორიული წარსული, ორი ქვეყნის დამაკავშირებელი პიროვნება, საერთო ტრავმები, მსგავს ეროვნულ კომპლექსებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლში წამოჭრილ თემებს სერიოზული ხაზი გასდევს თან და ზოგიერთი მათგანი შეიძლება მკტივნეულიც კი იყოს, გირჩევდით მსუბუქად შეხედოთ მათ – ბოლოს და ბოლოს ეს ხომ მხოლოდ თეატრალური შთაბეჭდილებების კონაა, ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, სამსახიობო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ აკინძული.
სპექტაკლის მეტათეატრალური ფორმა და გადაწყვეტა საშუალებას იძლევა თვითკრიტიკითა და ღიმილით შევხედოთ ხშირ შემთხვევაში არც თუ სასიამოვნო ეროვნულ პრობლემებს. თეატრალური დადგმა არ მოგვითხრობს ამბავს პოლონურ-ქართულ მეგობრობაზე, არ აღმოაჩენს უნივერსალურ სიმართლეს არც ერთ მოცემულ ქვეყანაზე, არამედ საშუალებას მოგვცემს დავინახოთ საკუთარი თავი მეორე, უცნაური ქვეყნის პერსპექტივიდან, რომლის შესახებაც, სიმართლე რომ ითქვას, ჩვენ – ქართველმა და პოლონელმა მაყურებელმა – არაფერი არ ვიცით.
სპექტაკლის რეჟისორია იაცეკ გლომბი. სცენოგრაფია და კოსტიუმები – მალგოჟატა ბულანდა,
სასცენო მოძრაობა – კოტე ფურცელაძე, ანიმაცია და გრაფიკული ილუსტრაცია – მარიუშ ვოლანსკი, მუსიკალური გაფორმება – ბარტეკ სტრაბუჟინსკი, რეჟისორის ასისტენტები – იოლა ნაჩინსკა, ზვიად მურვანიძე, თარგმანი რეპეტიციების დროს – თათია ამბარდნიშვილი
სპექტაკლის პრემიერა ბათუმში 2 ოქტომბერს შედგა.