ქედაში, მეწყრის შედეგად დაღუპული მამამკაცი, პოლიციის თანამშრომელი თემურ ბარამიძეა. ბათუმელების ინფორმაციით ის სოფელ წონიარისში იმ სახლში ცხოვრობდა, რომელიც მეწყერმა წაიღო.
„სახლიდან გამოვიდნენ, რადგან ზვავი ჩამოწვა, ცოლიც გამოჰყვა გარეთ, მაგრამ კაცი სახლში შებრუნდა მობილურის ასაღებად. ამ დროს ჩამოწვა მეწყერი და ჩაიმარხა…
მაშველები ვერ მოვიდნენ უგზოობის გამო, მაგრამ ყველა ცდილობდა ამოყვანას. რომ ამოიყვანეს, უკვე გარდაცვლილი იყო. შემოვლითი გზებით გადაიყვანეს ახლა კლინიკაში, 57 წლის იყო.
მეწყერსაშიშ ზონაში იყო ეს სახლი, ქირით იყო გაყვანილი ოჯახი, ხელვაჩაურში აქვთ ნაქირავები ბინა, მაგრამ ცოლ-ქმარი სოფელში იყო,“- უთხრეს ბათუმელებს სოფელ წონიარისში.
დღესვე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილვანაში ზვავი და მეწყერი განვითარდა და ამ სოფელში მცხოვრები ბოლქვაძეების სახლი წაიღო, დაიღუპა ერთი ქალი, სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს.