ურჩი მოქალაქეების მიერ თვითიზოლაციის წესის დარღვევა ვერც საგანგებო მდგომარეობამ შეცვალა და ვერც კორონავირუსის შესაძლო გავრცელების რეალურმა საფრთხემ. მხოლოდ ბოლო 2 დღეში შიდა იზოლაციის წესის დამრღვევთა რაოდენობა 50-ით გაიზარდა და 190 მიაღწია. ყველა პირი, ვინც თვითიზოლაციის წესის დარღვია, იძულების წესით საკარანტინო ზონებშია გადაყვანილი.
306 პირი გადის თვითიზოლაციას სამეგრელოში. 14-დღიანი შიდა იზოლაციის პერიოდი 55 პირმა დაასრულა და მათზე მეთვალყურეობა შეწყვეტილია. 27 პირი კი საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი, მათ შორის არიან ის ურჩი მოქალაქეები, ვინც წესებს არღვევდნენ. 2 უცხოელ ტურისტს მეთვალყურეობენ მესტიაში არსებულ საკარანტინო ზონებში.
მოქალაქეთა რაოდენობა გაიზარდა იმერეთის საკარანტინო სივრცეებში. ამ დროის მონაცემებით, 189 პირია საირმეში, 42 საჩხერეში, წყალტუბოს სანატორიუმში 103, ხოლო 91 ადამიანს აკვირდებიან “წყალტუბო პლაზაში”. კარანტინში მყოფთა ნაწილი თვითიზოლაციაში გადასასვლელად ემზადება.
სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ და თვითიზოლაციაში კახეთის მასშტაბით ჯამში 353 პირია. საგარეჯოში – 43, ლაგოდეხში-38, ყვარელში-17, გურჯაანში-56, სიღნაღში-28, თელავში-90, დედოფლისწყაროში-38, ხოლო ახმეტაში 43.
თვითიზოლაციაში მყოფი პირების მონიტორინგსა და საზოგადოებრივ წესრიგს საპატრულო პოლიცია ჯანდაცვის სპეციალისტების დახმარებით 24 საათის განმავლობაში ახორციელებს. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებთან საკოორდინაციო საბჭომ დღეს შეხვედრა გამართა. როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, მკაცრი კონტროლია სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზეც.