ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ეკლესიის როლი და დარწმუნებული ვარ ეკლესიასაც ესმის სახელმწიფოს როლი და პირდაპირი ვალდებულება, რომ იზრუნოს ადამიანის ჯანმრთლობაზე და სიცოცხლეზე. ეს არის ის პოსტულატი რომელზეც ჩვენ გარკვეულ კომპრომისებს უნდა მივაღწიოთ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
პრემიერის განმარტებით რეკომენდაციების გაცემა უკვე ეკლესიამაც დაიწყო, თუმცა გახარია მოსახლეობას ურჩევს შეძლებისდაგვარად რელიგიური რიტუალები სახლში აღასრულონ.
„მე არ მინდა საუბარი დღესასწაულებზე რადგან ჯერ კიდევ სამი კვირაა და ჩვენ გვაქვს გარკვეული იმედები, ფრთხილი მაგრამ გვაქვს იმედები რომ სიტუაცია შეიძლება გამოსწორდეს. თუმცა ეს არ იქნება მარტივი. მე ვუყურებ როგორ ვითარდება ეკლესიის მიდგომაც, თუნდაც ის სტანდარტები და მოთხოვნები, რომლებსაც დღეს ეკლესია ადგენს სოციალური დისტანციის დაცვის ნაწილში. მე ვიცი, რომ იყო მკაფიო მოწოდებები, რომ საეკლესიო მსახურების დროს მაშინ როდესაც ამის საშუალება არ არის ვიყოთ ეკლესიის გარეთ ეზოში და კიდევ ბევრი რამ. სახელმწიფოს რეკომენდაცია არის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი. გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. გავითვალისწინოთ ჯანდაცვის სამინისტროს ისე, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები. გავუფრთხილდეთ რაც მთავარია ერთმანეთს. ჩვენს მეზობლებს, მეგობრებს. იქ სადაც შესაძლებელია, რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით ეს გავაკეთოთ სახლში. ეს არის მთავრობის რეკომენდაცია, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ვიზრუნოთ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.