ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენმა ლევან კობიაშვილმა ქუთაისის ”ტორპედოში” არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა:
”საზოგადოევრივ მაუწყებელზე ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი ამბობდა, რომ ”ტორპედოს” ფეხბურთის ფედერაციის ვალი აქვს 3 მილიონ 700 000 ლარი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ცხადია ასეთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება გამაღიზიანებელია.
წლების წინ ”ტორპედო” ბევრად მძიმე ვითარებაში იყო. ამ ეტაპზე ”ტორპედომ” ლიცენზია მიიღო, მაგრამ მონიტორინგის რეჟიმშია. აუდიტმა უნდა დადოს დასკვნა თუ რამდენადაა ”ტორპედო” გადახდისუნარიანი. კლუბს რომ ფეხბურთელთა და თანამშრომელთა დავალიანება აქვს, ეს პრობლემაა, თუმცა მთავარია რომ ჩემპიონატის დაწყებამდე აუდიტმა ”ტორპედოს” შესახებ გამოაქვეყნოს დასკვნა და თუ აუდიტი ჩათვლის, რომ კლუბი არსებობას შესძლებს, მას უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება ექნება.
მცდარია ინფორმაცია, რომ ”ტორპედო” უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას იმიტომ არ მიიღებს, რომ ფეხბურთელთა დავალიანება აქვს. აღმასკომი ”ტორპედოს” კონკრეტულ ვადებს განუსაზღვრავს და თუ კლუბი განსაზღვრულ ვადებში ხელფასებს ვერ გაისტუმრებს, მაშინ კლუბი ჯარიმდება. ასეთი ვადა კლუბს 25 დეკემბრამდე ჰქონდა და მაშინ აღმასკომის მიერ განსაზღვრული თანხა ”ტორპედომ” გადაიხადა. ამ ეტაპზე კლუბს მხოლოდ ერთი მომჩივანი ჰყავს და ეს საქმე ახლა შემოვიდა.
იტალიელი ინვესტორები ქუთაისს ოთხშაბათს ესტუმრებიან, ამ საკითხს პოზიტიურად ვუყურებ. ჩემი ინფორმაციით ეს საკითხი ამ დღეებში გადაწყდება ისე, როგორც ქართულ ფეხბურთს და ქუთაისელ გულშემატკივრებს სჭირდება.” – განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენმა ლევან კობიაშვილმა.