სინდისის პატიმარმა თორნიკე თოშხუამ შიმშილობა შეწყვიტა, ის ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს.
„შიმშილობის საწყისი იმპულსი იყო ჩემი უსამართლო დაკავება, მაგრამ ამ გზის გავლისას მთავარი მოტივაცია იმ ბრაზმა მომცა, რომ რუსმა ოლიგარქმა არჩევნები გააყალბა, კონსტიტუციის 78-ე მუხლს უღალატა, ნოემბერ-დეკემბერში უმოწყალოდ გვარბია, უსამართლოდ დააკავა თავისუფლებისთვის მებრძოლები, ბოდიში მოუხადა სეპარატისტებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ჩვენ ქვეყანას რუსეთთან ომი დააბრალა.
მენტალურად ათასჯერ იმაზე ძლიერად ვგრძნობ თავს, ვიდრე აქ შემოსვლამდე, მაგრამ დღეს ჩემი შიმშილობის 21-ე დღეა, უკვე ფიზიკური რესურსები იმ ზღვარს უახლოვდება, რომლის მერეც დამოუკიდებლად გადაადგილების ძალა არ გრჩება და მე არ ვაპირებ მწოლიარე მდგომარეობაში ამ ბრძოლის გაგრძელებას.
უღრმესი მადლობა თანადგომისა და გამხნევებისთვის. არ დათმო!“ — წერს თორნიკე თოშხუა წერილში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულებს – თორნიკე თოშხუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
რუსთაველის გამზირზე ინციდენტი 31 ივლისს მოხდა, პოლიციამ კი ინციდენტში მონაწილე პირები – თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე 16 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.










