ინგლისში 3 გოგოს მკვლელობის შემდეგ დაწყებული პროტესტი გრძელდება.
4 აგვისტოს დილას, სამხრეთ იორკშირის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ როტერჰემში სასტუმრო Holiday Inn Express-ის წინ, რომელშიც ლტოლვილები იმყოფებოდნენ, შეიკრიბნენ როგორც მიგრაციის მოწინააღმდეგეები, ასევე მისი მომხრეებიც. გამართული საპროტესტო აქცია ძალადობრივ არეულობაში გადაიზარდა.
მას შემდეგ, რაც პროემიგრაციულმა მოძრაობა Stand up to Racism-მა (დაუპირისპირდი რასიზმს) დატოვა სასტუმროს ტერიტორია, ანტიემიგრაციული მოძრაობის პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა.
აქციის მონაწილეები სასტუმროს ფანჯრებს აგურებსა და ქვებს ესროდნენ, რამდენიმე ფანჯარა ჩაიმტვრა. მონაწილეები ასევე დაუპირისპირდნენ პოლიციას, გადაკეტეს სასტუმროსკენ მიმავალი გზა და ცეცხლი წაუკიდეს შენობას, სადაც სასტუმროს ელექტროგენერატორი იყო მოთავსებული.
ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა ბრიტანეთის ქალაქებში მიმდინარე პროტესტებს “არა პროტესტი, არამედ ორგანიზებულ ძალადობა” უწოდა.
მან ასევე გააფრთხილა ძალადობრივი ჯგუფები, რომ ისინი თავიანთ ქმედებებს “ინანებენ” და კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.
სტარმერმა, როტერჰემის ძალადობრივი აქციის მონაწილეებს “ულტრამემარჯვენე ბანდები” უწოდა, რომლებიც “აპირებენ კანონის დარღვევას”. მისი თქმით, სასტუმროს თანამშრომლებმაც და სტუმრებმაც სიკვდილის შიში განიცადეს.
“თუ თქვენ ადამიანებს კანის ფერისა ან რელიგიის გამო დევნით, მაშინ ნებისმიერი მიზეზის მიუხედავად, თქვენ ულტრამემარჯვენეები ხართ”. – თქვა სტარმერმა.
ბრიტანეთის პრემიერის თქმით საზოგადოების ეს ნაწილი ბრიტანეთს არ წარმოადგენს.
“რაც არ უნდა იყოს აშკარა მიზეზი ან მოტივი… ჩვენ არ ვარჩევთ, დანაშაული დანაშაულია და ეს მთავრობა მას შეებრძოლება”. – დასძინა ბრიტანეთის პრემიერმა.