ყველაზე ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა 2021 წლის ბოლომდე მზად არ იქნება, – განაცხადა ევროპის დაავადების პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ექსპერტმა, პასი პენტინენმა.
„ვაქცინის შემუშავება ძალიან რთული და ძვირადღირებული პროცესია. ეს პროცესი ვაქცინის ადამიანზე გამოცდის უამრავ ეტაპს მოიცავს, რათა დავრწმუნდეთ მის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაში“, – განაცხადა ევროპის დაავადების პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ექსპერტმა.
პასი პენტინენის თქმით, გარდა ამისა, ასევე გასათვალისწინებელია წარმოების შესაძლებლობები, რათა ვაქცინა მთელი მსოფლიოსთვის იყოს ხელმისაწვდომი.
„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ ვაქცინა 1.5-2 წელიწადში იქნება მზად, სხვა არაფერია, თუ არა სასწაული“, – აღნიშნა მან.
პასი პენტინენი ევროპის დაავადების პრევენციისა და კონტროლის ცენტრში გრიპისა და სხვა რესპირატორული ვირუსების პროგრამის ხელმძღვანელია.