თბილისში გაურკევველ ვითარებაში გარდაცვლილი აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერის, ჰუსეინ ბაკიხანოვის ოჯახი ცხედრის გადასვენებას ითხოვს. ნათესავებს მეორე დღეა ბაქოს აეროპორტიდან საქართველოში არ უშვებენ, მესაზღვრეები გარდაცვალების ცნობას ითხოვენ, რაც ოჯახს საქართველოს ხელისუფლებისგან ამ დრომდე არ აქვს.
გარდაცვლილი ბლოგერის ცხედარი ორ კვირაზე მეტია თბილისის პროზექტურაშია დასვენებული.
“ოჯახთან ბოლო კომუნიკაცია წუხელ მქონდა, გაბრაზებულები არიან, ორი კვირა ეძებდნენ ახალგაზრდას, გუშინ წინ გაიგეს, რომ მათი შვილი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, ახლა არც საზღვარზე უშვებენ, რომ ჩამოვიდნენ და ცხედარი გადაასვენონ. არც აქედან გვეუბნებიან პასუხს გადასვენებაზე.
ჰუსეინის ძმას აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს, ოჯახი გარდაცვალების ცნობას ითხოვს საზღვარზე წარსადგენად და ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლება მათ არ ეხმარება. ჩვენ ვითხოვეთ, რომ ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს და მათ საქმის მასალები გადასცენ”, – ამბობს გარდაცვლილის მეგობარი, ავთანდილ მამედოვი.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი ამბობს, რომ გაუკრვევლია რატომ ითხოვენ მესაზღვრეები გარდაცვალების ცნობას. მისი თქმით, აზერბაიჯანი კონსტიტუციასა და საერთაშორისო ნორმებს არღვევს.
“ცხედრის გადმოსვენების საკითხზე აზერბაიჯანის საკონსულომ უნდა იზრუნოს, რადგან აზერბაიჯანის მოქალაქე გარდაცვლილი. ცხედარი უკვე ერთ კვირაზე მეტია პროზექტურაშია, ჩვენი რელიგიით კი ეს მიუღებელია. მოვითხოვთ საქართველოში დამუკიდებელი ექსპერტიზა ჩატარდეს”, – თქვა მან.
ცნობისთვის, 14 ივლისს აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერი, ჰუსეინ ბაკიხანოვი თბილისში გარდაცვლილი ნახეს. 12 ივლისს მან ვიდეო მიმართვა ჩაწერა და თქვა, რომ თავს დაესხნენ და ნაცემი იყო. მეგობრები ყვებიან, რომ ჰუსეინი საქართველოსგან თავშესაფარს ითხოვდა და ბევრი გეგმა ჰქონდა, მათი განცხადებით, ის თავს არ მოიკლავდა