თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-მ ახალი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევაში იმერეთის 5 თანამდებობის პირი და მათი ოჯახის წევრები მოხვდნენ.
კვლევის ნაწილში თანამდებობის პირის ოჯახის წევრის დასაქმების შემთხვევები იმავე უწყებასთან დაკავშირებულ საჯარო დაწესებულებაში ვკითხულობთ რომ, 2014 წლიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ვლადიმერ გელაშვილის მეუღლე, ლია ლომსაძე 2016 წლიდან ააიპ ხარაგაულის შ. ბუაჩიძის სახელობის მუსიკალური სკოლის მენეჯერია
2014-17 წლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის სერგო უგრეხელიძის მეუღლე, ზეინაბ უგრეხელიძე 2017 წლიდან ააიპ შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრატორია
2014 წლიდან ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ივანიაძის მეუღლე, ინდირა გოგოძე 2016 წლიდან ვანის მუნიციპალიტეტის ააიპ სახელოვნებო, განათლებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის სპეციალისტია.
უშულოად ქუთაისიდან სიაში 2 თანამდებობის პირი მოხვდა.
2014-17 წლებში ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ბექა ყანჩელის მეუღლე, ელმირა ადეიშვილი 2016 წლიდან ააიპ-ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის და პრევენციის მედიცინის ცენტრის მთავარი სპეციალისტია
2015 წლიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და 2012 წლიდან ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თეიმურაზ სვანიძის შვილი, გიორგი სვანიძე 2016 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სახელმწიფო თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და გამოავლინა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან იმავე უწყებაში ან მასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებში ან მის საქვეუწყებო დაწესებულებებში. შემთხვევების უმეტესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გამოვლინდა, თუმცა მსგავსი ფაქტები გვხვდება ცენტრალურ ხელისუფლებასა და სასამართლო სისტემაში.
როგორც კვლევაშია ნათქვამი თანამდებობის პირების დეკლარაციების შესწავლის პროცესში რამდენიმე ყურადსაღები ტენდენცია გამოიკვეთა:
- ადგილობრივ ხელისუფლებაში ხშირია თანამდებობის პირების ოჯახის წევრების საჯარო სამსახურში დასაქმება მისი ოჯახის წევრის რომელიმე ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. ხშირია ადგილობრივი თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა დასაქმება მუნიციპალურ სსიპ-ებსა[1] და აიიპ-ებში.[2]
- არის შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები მუშაობენ იმავე უწყებაში, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის დარღვევაა, გარდა კონკურსის წესით დანიშვნის შემთხვევებისა.
- სასამართლო სისტემაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსამართლეების ოჯახის წევრები საქმდებიან იმავე სისტემაში, ზოგიერთ შემთხვევაში იმავე რაიონულ სასამართლოში.
- სადეპუტატო მანდატის მიღების შემდეგ საჯარო სამსახურში ოჯახის წევრების დასაქმების ტენდენცია საქართველოს პარლამენტშიც იკვეთება. აღსანიშნავია, რომ ყველა დეპუტატი, რომლის ოჯახის წევრიც საჯარო სამსახურშია დასაქმებული, საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” საქართელოს განცხადებით წარმოდგენილი შემთხვევები აუცილებლად არ გულისხმობს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმება კონკურსის წესის გვერდის ავლით ან მისი დარღვევით მოხდა და მიზნად არ ისახავს კონკრეტული პირების პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენებას. თუმცა, საქართველოში არსებული ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულების ხარვეზების გათვალისწინებით, ასეთი შემთხვევების სიმრავლე მიუთითებს სისტემური პრობლემის არსებობასა და მასზე ეფექტური რეაგირების საჭიროებაზე.
ამავე დროს, კვლევა ემყარება მხოლოდ თანამდებობის პირების მიერ 2015-18 წლების ქონებრივ დეკლარაციებში მითითებულ მონაცემებს და ამდენად, პრობლემის სრულ მასშტაბს ვერ ასახავს