წესები თუ არ დაირღვევა, ჩვენ ნამდვილად არ დაგვჭირდება ფართომასშტაბიანი შეზღუდვები არც 15 აპრილიდან და არც წინასააღდგომოდ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეპიდემიურ სურათს ინტენსიურად აკვირდებიან და გადაწყვეტილებებიც ეტაპობრივად გადაიხედება, თუმცა, ამ ეტაპზე ფართომასშტაბიანი შეზღუდვების ამოქმედების აუცილებლობა არ იკვეთება. როგორც გაბუნია განმარტავს, ახლა დაწესებული რეგულაციების აღსრულების გამკაცრებაა საჭირო.
‘ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შემთხვევების მატება თვალსაჩინოა, ასევე, თვალსაჩინოა ისიც, რომ დადებითობის მაჩვენებლიც იმატებს და უახლოვდება ზღვრულ 2 პროცენტს, რომელიც ჩავთვალეთ, რომ იქნებოდა ის ზღვარი, რომლის ზემოთაც შემთხვევების მატების ტენდეცია უკვე არის გარკვეულწილად საგანგაშო მაჩვენებელი’.
დღეს ორმხრივია ეს პასუხისმგებლობა, როგორც მოქალაქის, ასევე მაკონტროლებლის დონეზე. მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ დაწესებული შეზღუდვები არ დაირღვეს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ შემდგომი შეზღუდვების და ფართომასშტაბიანი შეზღუდვების აუცილებლობა“, – განაცხადა გაბუნიამ.