უკრაინაში ომის 34 დღეა – ადგილობრივი მედიის ცნობით, რივნეს რაიონში, სადაც რუსებმა ნავთობის საცავზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, ქიმიური და რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებშია.
განგაში გრძელდება, ამიტომ მოსახლეობას თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდებენ.
ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინაში ნავთობობიექტებს რუსეთის ძალები აქტიურად ბომბავენ. 26 მარტს, სარაკეტო დარტყმები ლვოვში მდებარე ნავთობბაზაზე განხორციელდა, ხოლო 27 მარტს ლიცკის სანავთობო ბაზაზე, სადაც გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან.
შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის ძალებს უკრაინის ქალაქებზე საჰაერო იერიშები ისევ მიაქვთ.
უკრაინელები წარმატებულად უმკლავდებიან ოკუპანტებს აღმოსავლეთ მიმართულებით. რუსმა ძალებმა ქალაქ კრიროვიროგიდან 60 კილომეტრის მოშორებით დაიხიეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხარკოვში სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 7 ადამიანი. თავდასხმა ქალაქ ლიუბოტინზე განხორციელდა.
კიბერთავდასხმის შესახებ იუწყება უკრაინული ტელეკომუნიკაციების პროვაიდერი, ამ დროისთვის კომუნიკაციების აღდგენა გრძელდება.
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, კი რუსული კერძო სამხედრო ჯგუფის „ვაგნერის“ მებრძოლები უკვე აღმოსავლეთ უკრაინაში არიან. საბრძოლო ოპერაციებში, სავარაუდოდ, 1000-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი ჩაერთვება.