“ერთი დღით არ უნდა ვიცხოვროთ!” – ჟურნალისტების შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს ადვოკატთა გაერთიანების დირექტორი, ტარიელ კაკაბაძე და ამ ფორმით მედიას სოლიდარობას უცხადებს.
უფლებადამცელი კონკრეტულ ისტორია იხსნებს და წერს, რომ დაახლოებით 3-4 წლის წინ მის დაცვის ქვეშ მყოფებს საქმე “შეუკერეს”. ოჯახის თხოვნით, ამბავი მედიასაშუალებებმა გააშუქეს და ჟურნალისტების მუშაობის შედეგად ბრალდებულები გამართლდნენ. ადვოკატის თქმით, დღეს იგივე ადამიანები, ვინც დახმარებას ითხოვდნენ, ჟურნალისტების ცემას ამართლებენ და ტელევიზიების დახურვას ითხოვენ.
“ჟურნალისტების შესახებ:
დაახლოებით 3-4 წლის წინ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფებს საქმე შეუკერეს. ორივე დაკავებულს მრავალწლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
ჟურნალისტების ჩართულობით შევძელით სხვადასხვა უკანონობის გამოაშკარავება. მედია რომ არა, საზოგადოებას ვერ ვაჩვენებდით ბრალდებულის უდანაშაულობას.
შევძელით ყველა იმ პოლიციელის გამოაშკარავება, ვინც ბრალდებულები უკანონოდ დააკავა და საქმე გააყალბა. ასევე შევძელით ცრუ მოწმეების მხილება. ჟურნალისტების მუშაობის გარეშე ამ საქმეს ვერ მოვიგებდით და ის ბრალდებულები დღესაც ციხეში იქნებოდნენ.
გუშინ კი ვაწყდები ერთ-ერთი გამართლებულის მშობლის კომენტარს სწორედ იმ ტელევიზიის მისამართით, ვინც მის საქმეს აშუქებდა. კომენტარში ეს ქალბატონი ამართლებს ჟურნალისტის ცემას და ითხოვს ამ ტელევიზიების დახურვას. ეს ზუსტად ის ქალბატონია, ვინც 3-4 წლის წინ ატირებული მევედრებოდა ჟურნალისტების საქმეში ჩართვასა და შვილის გადარჩენას. არადა ზუსტად ვიცი- მისი შვილს რომ კიდევ საქმე შეუკერონ, იგივე ტელევიზიებს გააშუქებინებს მისი შვილის მიმართ ჩადენილ უკანონობას.
მოკლედ, სანამ სხვისი პრობლემის დანახვას არ ვისწავლით, არაფერი გვეშველება! ერთი დღით არ უნდა ვიცხოვროთ”, – წერს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.