მესტიაში, თეთნულდის მიმდებარედ ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაშავებული ტურისტი მესტიის საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მესტიის მერის მოადგილემ, ნელი ნავერიანმა განუცხადა, შემთხვევა დღეს მოხდა.
„სულ ექვსი კაცი მოყვა ზვავში, სამწუხაროდ სამი დაღუპულია, ერთი დაშავდა, ორი კი ადგილობრივმა მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს. დაშავებული მესტიის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოტეხილობები და დაზიანებები აქვს. ველაპარაკე ექიმს, საგანგებოს ვერტმფრენს ელოდებიან, რომ გადაიყვანონ. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. თეთნულდზე ზედა ორი საბაგირო არ მუშაობს, გაჩერებულია, იმიტომ, რომ თბილი ამინდებია და მარკირებულია საფრთხის შემცველი ადგილები. ამის შესახებ გაფრთხილებული არიან, რომ ზვავსაშიში ადგილებია, მაგრამ მაინც გადადიან თვითნებურად“, – განაცხადა ნავერიანმა.
შეგახსენებთ, თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად 3 ტურისტი დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან“ აცნობეს, ათი ადამიანისგან დაკომპლექტებული იტალიელი ტურისტების ჯგუფი თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე აკრძალულ ზონაში სრიალებდნენ, რის შედეგადაც ზვავი მოწყდა.
მათივე ინფორმაციით, ზვავმა ათი ტურისტიდან 6 მოიყოლა.