ისრაელის ფირმა NSO Group-ის მიერ შემუშავებული ჯაშუშური პროგრამის გამოყენებით, ავტორიტარულმა მთავრობებმა და სხვადასხვა სადაზვერვო უწყებებმა წლების მანძილზე ასობით ადამიანის უფლებათა დამცველის, ჟურნალისტისა და პოლიტიკოსის თვალთვალი შეძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას DW წერს.
ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მრავალთვიანი ჟურნალისტური გამოძიების “პროექტი Pegasus” ავტორები. შედეგები კვირას, 18 ივლისს გამოქვეყნდა.
ჟურნალისტური კონსორციუმის განკარგულებაში, რომელიც
16 რედაქციას, ასევე ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებს Amnesty International და Forbidden Stories მოიცავს, 50 000 სატელეფონო ნომრის სია მოხვდა, რომლებიც, შესაძლოა, მიყურადების ობიექრტები ყოფილიყო.
ათასზე მეტ შემთხვევაში ამ ნომრების მფლობელების იდენტიფიცირება მოხერხდა. მათ შორის იყვნენ მაღალი რანგის პოლიტიკოსები, იურისტები, ჟურნალისტები და უფლებადამცველები საფრანგეთიდან, აშშ-დან, ინდოეთიდან, მაროკოდან, მექსიკიდან, უნგრეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
დამოუკიდებელ IT ექსპერტებს გადაეცათ 44 შემთხვევით შერჩეული ჩანაწერი, რომელთაგან 37-ში ჯაშუშური პროგრამის კვალი გამოვლინდა.
NSO Group აცხადებს, რომ კომპანიის კლიენტები მხოლოდ ოფიციალური სამთავრობო ორგანიზაციები არიან, რომლებიც მის პროდუქტებს ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკებით ვაჭრობის, პედოფილებისა და ბავშვების გამტაცებლების წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებენ.