ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც შეჭირვებულ ან კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფებიან, სახელმწიფო ერთ ასეთ ოჯახზე არაუმეტეს 800 ლარისა, თანხას გამოყოფს.
აღნიშნულ სერვისს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამა ჰქვია.
ვის შეუძლია ამ სერვისით სარგებლობა და ოჯახი რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს? – კითხვებზე პასუხს “პრაიტაიმის” ამ სტატიაში ნახავთ:
კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამა სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებას, ბავშვის მიტოვების რისკის შემცირებასა და ოჯახურ გარემოში ბავშვის აღზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
რას ითვალისწინებს დახმარება?
პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, საკვები პროდუქტებით (მათ შორის ხელოვნური კვების პროდუქტებით) და საყოფაცხოვრებო საქონლით უზრუნველყოფას.
ვის შეუძლია ისარგებლოს დახმარებით?
სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც პირველად დახმარებას საჭიროებენ.
ვის უნდა მიმართოთ საჭიროების შემთხვევში?
დახმარების მისაღებად, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს უნდა მიმართოთ.
ვინ იღებს გადაწყვეტილებას დახმარების გაცემის თაობაზე?
სამიზნე ჯგუფისათვის პირველადი დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია იღებს.
რა თანხას შეადგენს ერთ ოჯახზე გაწეული დახმარება?
ერთ ოჯახზე მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 800 ლარს.
კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამის ბიუჯეტი 1 800 000 ლარით განისაზღვრება.