“სულიკო 2019” წლის გამარჯვებული ქუთაისელი მომღერალი, 17 წლის ნიცა კირვალიძე გახდა.
ნიცამ ფესტივალზე პირველი ადგილი აიღო, ის მუსიკოსმა მანანა თოდაძემ დააჯილდოვა. ახალგაზრდა მუსიკოსს ფესტივალზე სიგელი, სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო 800 ლარი გადასცეს.
როგორც ნიცა კირვალიძემ “მეგა ტვ”-ს უთხრა მან ფესტივალზე გია ყანჩელის “ნუ მეძახი” და გოგი ცაბაძის “სიყვარულის ღმერთო” შეასრულა.
“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო ეს კონკურსი, რადგან ჩემს ქალაქს წარვადგენდი. ძალიან დიდი სიხარული იყო ქალაქში პირველი ადგილით დაბრუნება” – ამბობს ნიცა კირვალიძე.
ნიცა კირვალიძე უკვე 7 წელია მუსიკალურ განათლებას ვოკალის პედაგოგ კახა გრძელიშვილან იღებს.
დღეს, 26 სექტემბერს, ზესტაფონში ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალი „სულიკო 2019“ გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობას იმერეთის მუსიკალური კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ.
მონაწილეთა შედეგებს, ცნობილი კომპოზიტორები და მომღერლები აფასებდნენ. ჟიურის გადაწყვეტილებით, ფესტივალის გრან პრი, ვანის მუნიციპალიტეტის ინდივიდუალურმა შემსრულებელმა, გუჯი ძაგნიძემ აიღო. პირველი ადგილი, ქუთაისის ინდივიდუალურმა შემსრულებელმა ნიცა კირვალიძემ, მეორე ადგილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ინდივიდუალურმა შემსრულებელმა, ნინო რამიშვილმა, ხოლო მესამე ადგილი, ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებულმა ქალთა ვოკალურმა ანსამბლმა „ჰარმონია“.