„ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ნათესავმა, მურმან ტოგონიძემ 2014 წლიდან დღემდე იმერეთის ცალკეული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების მეშვეობით 16 395 501 ლარი მიიღო – ამის შესახებ ინფორმაციას ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.
მათი ცნობით მურმან ტოგონიძემ ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით 97 ტენდერიდან 69 შემთხვევაში გაიმარჯვა, ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ 14 998 590 ლარი შეადგინა.
”მისმა კომპანიამ შპს „მშენინვესტმა” 2016 წელს 31-ჯერ მიიღო მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში, 21 შემთხვევაში გაიმარჯვა და ჯამურად 1 008 798 ლარი მიიღო.
მურმან ტოგონიძისა და მისი კომპანიისგან მომსახურებების ყველაზე მსხვილი შემსყიდველი საჩხერის მუნიციპალიტეტია.
მოგებული 90 ტენდერიდან 42 უკონკურენტოდ მიიღეს
მურმან ტოგონიძე ბიძინა ივანიშვილის დის – მაგული ივანაშვილის მულის ქმარია
მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ მოგებული ტენდერები და დაადგინონ, ხომ არ იყო ისინი ტოგონიძისა და მისი კომპანიისათვის სასურველ პირობებში გამოცხადებული და შეიცავდა თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.” – ნათქვამია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.