ინციდენტში ყველა მონაწილის მშობელს და თავად მონაწილეებს და დამნახავებს ვინც სიმართლე დამალა, გულით ვუსამძიმრებ- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე Facebook-ზე წერს.
„2017 წლის 1 დეკემბრიდან მოყოლებული მუდამ ვფიქრობდი თუ რას ნიშნავდა დაზარალებულის სტატუსი ჩემთვის. ბოდიშს გიხდით გულახდილობისთვის მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ინციდენტში ყველა მონაწილის მშობელს და თავად მონაწილეებს და დამნახავებს ვინც სიმართლე დამალა, გულით ვუსამძიმრებ.
თქვენ ჩემთვის გაცილებით მეტი დაზარალებულები ხართ, ვიდრე ჩემი ოჯახი. ღმერთმა დაგლოცოთ და შეგაძლებინოთ ამ ტვირთის ტარება“- წერს სარალიძე.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გიორგი ჯანაშიასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, გუგა ბარბაქაძის ადვოკატის შუამდგომლობას კი სასამართლო პარასკევს განიხილავს.
უზენაეს სასამართლოში დღეიდან დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძისა და გიორგი ჯანაშიას საქმის განხილვა დაიწყო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშია ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო, გუგა ბარბაქაძე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.
2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.