თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ორი პაციენტის ოპერაცია დასრულებულია.
მისი თქმით, კლინიკაში მოთავსებული სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, ისინი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე არიან, თუმცა სამივეს შემთხვევაში ვიტალური პარამეტრები შენარჩუნებულია.
„შემოყვანილია სამი ქალი კრიტიკულ მდგომარეობაში. სამივეს ჩაუტარდა გადაუდებელი კვლევები. ისინი კვლევების შედეგად მოთავსდნენ რეანიმაციულ განყოფილებაში. აღსანიშნავია, რომ 2 პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. სამივეს მდგომარეობა არის კრიტიკული, თუმცა ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს. მინდა გითხრათ, რომ რადგანაც ნარჩუნდება ვიტლური პარამეტრები, ვიმედოვნებთ, რომ გაგრძელდება ასე და სამივე მათგანი უახლოეს პერიოდში დაიწყებს გამოჯანმრთელებას. სამივე იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, სამივესთან არის ტრავმულ – ჰემორატიული შოკი, მაგრამ ყველაფერი კეთდება, რომ მათი სიცოცხლე შენარჩუნდეს. ამ ეტაპზე პაციენტები დამატებით ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებენ, განხორციელდა ყველა ინტერვენცია, რაც იყო საჭირო“, – განაცხადა ლევან რატიანმა.