„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ვაშლიჯვრის ფერდობზე მცხოვრები დევნილები, ბოლო რამდენიმე დღეა რაც საცხოვრებლებს ტოვებენ. ბროწეულის ქუჩაზე მცხოვრები ამბობენ, რომ ევაკუაციის შემთხვევაში მათი გადასახლება წალკაში იგეგმება.
„გუშინ იყვნენ მოსულები მერიიდან. გვითხრეს, რომ ჯერ ჩვენი გაყვანის აუცილებლობა არ არის. ელოდებიან გერმანელი სპეციალისტების ახალ დასკვნას, რის მიხედვითაც გადაწყდება ჩვენი გაყვანის ან დარჩენის საკითხი. არ ვიცი ვის ვინ უთხრა თუმცა, გუშინ საღამოს მეზობლები ამბობდნენ, რომ ევაკუაციის შემთხვევაში წალკაში უნდა გადაგვასახლონო.“ – ამბობს ბროწეულის ქუჩაზე მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი.
„ბროწეულის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია დღის წესრიგში არ დგას. იმედია არც დადგება. ამ წუთებში, სამუშაო ჯგუფი, მათშორის უცხოელი სპეციალისტები ველზე მუშაობენ. დღეს დაახლოებით 15:00 საათისთვის გაკეთდება კომენტარები იმის შესახებ თუ რა მდგომარეობაა დამეწყრილ ტერიტორიაზე. იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო, იქ მაცხოვრებლებს დედაქალაქის მასშტაბით გადავანაწილებთ. “ – აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, გასული წლების განმავლობაში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან ამ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.
მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერის შესასწავლად თბილისის მერიის მიერ მოწვეული ერთ-ერთი უცხოელი გეოლოგ-ინჟინერის, პეტერ ნიუმანის შეფასებით, საკითხი კომპლექსურია და გადაჭრის ერთი კონკრეტული გზა არ არსებობს.
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით კი, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე, სადაც მეწყრული პროცესი გააქტიურდა, სპეციალური სისტემების მონტაჟი განხორციელდება.