საფრანგეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერი დოზის დანერგვას მოწყვლად ჯგუფებში გეგმავს. ამის შესახებ France 24-ის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინის მესამე დოზა საჭირო იქნება სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებისა და მოხუცებისთვის.
აღსანიშნავია, რომ პროცესი, შესაძლოა, სექტემბრიდან დაიწყოს. ამის მიზეზი კორონავირუსის “დელტა” შტამის სწრაფი გავრცელებაა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვაქცინის მესამე დოზის მიცემა არსებული სამეცნიერო მტკიცებულებების საფუძველზე სწორი მიდგომაა.
ვაქცინის სპეციალისტისა და საფრანგეთის ჯანდაცვის ოფისის ვაქცინაციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტის, დანიელ ფლორეს თქმით, დროთა განმავლობაში ვირუსის მიმართ იმუნიტეტი ბუნებრივად სუსტდება, რის გამოც, მაგალითად, ადამიანები ყოველწლიურად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას იტარებენ.
რამდენიმე ქვეყანამ, მაგალითად ისრაელმა, უნგრეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ, უკვე გამოაცხადა, რომ მოწყვლადი ჯგუფებისთვის ვაქცინების მესამე დოზას შემოიღებს.