ყოველდღიურ რუტინაში ჩართულ კაცობრიობას კორონავირუსი ერთგვარ ანტიდოტად შეიძლებოდა მოვლენოდა, მაგრამ განუზომელ ეგოიზმში ჩაფლულებმა ესეც ავისხლიტეთ, მეტიც შეთქმულების თეორიების მთელი ნუსხა გაჩნდა უცებ.
არადა რომ დაფიქრდეს კაცი, საით მიდის კაცობრიობა? რა გვინდა? რას ვეძიებთ? კოსმოსს ვიპყრობთ თითქოს და ამასობაში მთავარი დავკარგეთ…
დავკარგეთ სახე ადამიანის.
მე სადაც გავიზარდე იქ ყველაზე მეტად ადამიანის სიცოცხლე ფასობდა, სხვას არ ქონდა მნიშვნელობა არაფერს….
დღეს რეალობა ასეთია, საკუთარი თანამშრომელი კლინიკაში შეჭირვებულ მდგომარეობაში მოყვანილი ელოდება რას გადაწყვეტს სადაზღვევო კომპანია?
რას გადაწყვეტს სადღაც კომფორტულ სავარძელში მოკალათებული კლერკი, ჩახედავს თავის დავთარს და თავისი განუზომლად “დიდი ცოდნისა და გამჭრიახობის” წყალობით გამოუტანს განაჩენს, და ჩვენც ექიმებიც დასაკლავად გამზადებული ხბოებივით დავმორჩილდებით “კანონის უზენაესობას”.
ყველაზე დიდი და ძვირფასი ჯანმრთელობა და სიცოცხლეა. ექიმი და ავადმყოფი ( ამ ტერმინს ბევრი მოწინააღმდეგე ყავს, თუმც მე შეუდარებელ ტერმინთა ჩამონათვალში შევიტანდი, რადგან ზუსტად ასახავს შინაარს და ვერც ეთიკურობას ვუწუნებ.)
ბრძოლის ერთ მხარეს უნდა იყვნენ, უნდა იყვნენთქო შემთხვევით არ მითქვამს, არ ვართ ერთ მხარეს, ქართველი ექიმები გავუცხოვდით ქართველი ხალხისთვის, ეს ფაქტია და ამას თვალის გასწორება ჭირდება, როდის გახდა თურქი, გერმანელი, ავსტრიელი, რუსი და კიდევ ვინ მოთვლის… უფრო ახლობელი? უფრო საყვარელი? რატომ? როგორ?
ამ რთულ პრობლემას ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი აქვს. დამნაშავე ყველანი ვართ!
მთავარი მე შემდეგი მგონია.
მკურნალობის დასრულების შემდეგ “სათანადო კომპეტენტური ორგანოები” განიხილავენ ავადმყოფობის ისტორიას
( ავადყოფობის ისტორია – დოკუმენტი ადამიანის ავადმყოფობის შესახებ- რომელსაც ხშირად საერთო არაფერი აქვს რეალობასთან და რატომ არ აქვს ეს ცალკე ლექციის თემაა.) და ამის საფუძველზე გადაწყვეტენ მკურნალობის ღირებულების დაფინანსება არდაფინანსების საკითხს.
თუ არ დაფინანსდა კლინიკის მეპატრონის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, უბრალოდ ანაზღაურებას ვერ აიღებ ამ შრომისთვის, თუ გადასახდელი გექნება კლინიკისთვის მიყენებული ზარალი.
ახლა გეკითხებით მე თქვენ ქართველო ხალხო, გჭირდებათ ყოველდღიურად ასეთ დღეში მყოფი, შეშინებული, დატერორებული, ნერვებდაწყვეტილი ექიმი?
ან ექიმებს შეგვიძლია განუსაზღვრელი ვადით გავუძლოთ ამ უსამართლობას? დამცირებას? აბუჩად აგდებას?
ხოდა სანამ საერთოდ უექიმოდ დარჩა მედეას ქვეყანა ვიფიქროთ რა ვუწამლოთ ჩვენს გაციებულ გულებს.
კორონავირუსით დავიწყე და …
განსაცდელი ნეგატიური გამოცდილებაა და პოზიტიურად შეიძლება გამოიყენო. დაგვანახა ამ განსაცდელმა რომ ადამიანებს მხოლოდ ერთმანეთის მოსმენა, გაფრთხილება, განსხვავებული აზრის მიღება, შეცდომის აღიარება, პროფესიონალების რჩევების გათვალისწინება, მსხვერპლისგაღება და რაც მთავარია ერთმანეთის სიყვარული გადაგვარჩენს.
ღმერთმა გვაპოვნინოს ერთმანეთის გულებისკენ გზა. ესაა გასაღები ჩვენი ყველა პრობლემის მოგვარების.”-წერს ცნობილი ნეიროქირურგი გიორგი გეგია.