ჭყონდიდის ეპარქიიდან სასულიერო პირების განკვეთის შემდეგ სალხინოში პირველი წირვა ტარდება.
ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე წირვას ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე სტეფანეს მიერ წარდგენილი სასულიერო პირი აღავლენს. რაც შეეხებათ განკვეთილ სასულიერო პირებს ისინი ამავე მონასტრის კელიებში არიან და მეუფის ბრძანების აღსრულებას ელოდებიან.
დეკანოზი ტარიელ რუხაძე აცხადებს, რომ სასულიერო პირებს თავად დაელაპარაკება, რადგან მას ამის კურთხევა მისცეს.
“ეს ბრძანება მე გადმომცეს გუშინ. ეს კურთხევა გადმომცეს მე, რომელიც უნდა შევასრულო. თუ მოხერხდა მეგობრულად დაველაპარაკები, თუ არადა მე ჩემი გზა მაქვს და ჩემი საქმე მაქვს გასაკეთებელი. დღეს მათ არავინ მოსთხოვს კელიების დატოვებას, დღეს შეიძლება გავჩერდე დღესასწაულია, მაგრამ ხვალ მივალ და ზეგ მივალ დასალაპარაკებლად,”- აცხადებს რუხაძე.
ბალდის მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი მამა ანთინოგენეს თქმით, ის დეკანოზ ტარიელთან საკითხზე საუბრის მოლოდინშია.
“ეს კაცი, თუ ამ ცრუ არსების აღსრულებას დაიწყებს, მოვიდეს ჩაგვხედოს თვალებში, თუ ის ქრისტიანია და ღირსების მატარებელი მოვიდეს და დაგველაპარაკოს,”- აცხადებს ანთინოგენე.
სალხინოს მონასტრის ყოფილი წინამძღვარი მამა დანეილი აღნიშნავს, რომ ბერების განკვეთის უფლება არავის აქვს.
“არანაირ კანონიკაში არ ჯდება სტეფანეს განცხადება. ბერობა არის აღთქმის დადება, მე რომ ღმერთს სიტყვა შევფიცე ეს როგორ უნდა ამიკრძალოს? ეს არავის შეუძლია. ბერობიდან განყენება დედამიწაზე არ მომხდარა, მკვდარიც რომ ვიყო ბერი ვიქნები, ძალით, თუ მოვიდნენ და შემომახიეს არ ვიცი, მაგრამ მაგასაც არ დავთმობ!”- აცხადებს დანიელი.
შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში 7 თვიანი დაპირისპირების შემდეგ, სტეფანე კალაიჯიშვილმა მასთან დაპირისპირებული 6 სასულიერო პირი განკვეთა და საეკლესიო ატრიბუტიკის ტარება აუკრძალა.