საინფორმაციო ვებგვერდი Eurasianet საქართველოს კორონავირუსზე რეაგირებისთვის აქებს. სტატიაში სახელწოდებით „საქართველოს იშვიათ ტაშს უკრავენ კორონავირუსზე რეაგირებისთვის“ ნათქვამია, რომ ქვეყნის მთავრობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა პროფესიონალი ექიმების რეკომენდაციები გაითვალისწინა და ამით ხალხის ნდობა მოიპოვა.
„კორონავირუსთან ერთად, საქართველოში ისეთი რამ მოხდა, რაც ქვეყანას წლების განმავლობაში არ ჰქონია – ნდობა მთავრობის მიმართ. საქართველოში ახალი კორონავირუსის გამოჩენიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 20 მარტისთვის 44-ს მიაღწია ნულოვანი სიკვდილიანობის მაჩვენებლით. ბევრი დამკვირვებლისთვის, თუნდაც დიდი ხნის კრიტიკოსისთვის, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთავრობა რაღაცას სწორად აკეთებს: უკან გადგა და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს აცადა სიტუაციის სადავეების ხელში აღება“, – წერს სტატიის ავტორი.
სტატიაში ასევე საუბარია იმაზე, რომ ეპიდ-აფეთქების შესაკავებლად მთავრობამ მყისიერი და ძალიან დროული ზომები მიიღო. ამასთან, პოზიტიურად არის შეფასებული საზოგადოების შემეცნების კამპანია.
„ყოველივე ეს გონივრულად და დროში გაწერილი ნაბიჯები ხორციელდებოდა იმის შედეგად, რომ მთავრობამ ეს საქმე მიანდო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ერის საუკეთესო სპეციალისტებს: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს, მის მოადგილეს პაატა იმნაძეს, ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს და ამავე საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს მარინა ეზუგბაიას.
ეს ექიმები – განსაკუთრებით ეზუგბაია – მედია-ვარსკვლავებად იქცნენ, რადგან ამომწურავ ინფორმაციას აწვდიდნენ საზოგადოებას თითქმის ყოველი საათის ბოლოს და უახლეს მონაცემებს აჟღერებდნენ არსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის, მათი რაოდენობის, ინფიცირების წყაროს, ვირუსის გავრცელების ტრაექტორიის და ყველაზე საჭირო ქმედებების შესახებ. ეს ხდებოდა სწრაფი განვითარების მქონე სიტუაციის ყოველ ეტაპზე“, – წერს ავტორი, ჟურნალისტი გიორგი ლომსაძე.
მისი თქმით, საქართველომ მთელი თავისი ძალისხმევა და პასუხისმგებლობა ეპიდემიის ძალიან ადრეულ სტადიაზე შეკავებას მოახმარა, რაც უფრო შეძლებულ ქვეყნებს არ გაუკეთებიათ.
საქართველოში კორონავირუსი 48 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.