ქუთაისს კიდევ ერთი ტურისტული ობიექტი შეემატება. უძველესი სამკურნალო აბანოების მოწესრიგების და მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობის გადაწყვეტილება სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.
საუბარია ჭომის დასახლებაში რუას ქუჩაზე მდებარე სამკურნალო აბანოებზე, რომელიც ამ დროისთვის მოუვლელი და მიტოვებულია.
„რუას აბანოების შესახებ სოციალური ქსელიდან გახდა ჩემთვის ცნობილი, რის შემდეგაც მკვლევარებთან და DMO Imereti-ის ხელმძღვანელობასთან ერთად აღნიშნული ადგილის შესწავლის გადაწყვეტილება მივიღე. ეს არის უძველესი სამკურნალო აბანო, რომლის გამოყენებაც მოწესრიგების შემდეგ, სამკურნალო ტურიზმის მიმართულებითაც იქნება შესაძლებელი. ქუთაისის მერიის მიერ მდინარე რუას და უძველესი აბანოების ტერიტორია მოწესრიგდება და ტურისტების მისაღებად მომზადდება. აღნიშნული ტურისტული მიმართულების განვითარებაში ჩართული იქნება DMO Imereti.
ძალიან სასიხარულოა, რომ ქუთაისს კიდევ ერთი საინტერესო ტურისტული ლოკაცია ემატება, რომელიც შიდა ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
ამ ეტაპზე ასევე მიმდინარეობს ქუთაისის შემოგარენში სხვადასხვა ისტორიული ლოკაციების მოძიება სპეციალისტებთან ერთად“,- წერს „ფეისბუკზე“ ზვიად შალამბერიძემ.