კინტრიშის ნაკრძალში დაკარგული ახალგაზრდების ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. მაშველები უკვე 2 დღეა გზააბნეული ტურისტების კვალის მიგნებას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ. დღეს დაკარგული ახალგაზრდა გოგოსა და ბიჭის საპოვნელად, სამაშველო სამუშაობში ვერტმფრენიც იყო ჩართული, თუმცა ამინდის გაუარესების გამო შეჩერდა.
პირველი ზარი 112-ში 15 ივლისს, დილით შევიდა – როგორც ახალგაზრდებმა სამართალდამცველებს აცნობეს, მათი სავარაუდო ლოკაცია – ხინოს ხეობასა და გომის მთებს შორის უნდა ყოფილიყო, მაგრამ გზა აებნათ და საკუთარი ძალებით, რთული რელიეფის გამო უსაფრთხო ადგილზე გასვლას ვეღარ ახერხებდნენ. მითითებულ კოორდინატებზე მისულ მაშველებს ტურისტები ადგილზე არ დახვდნენ.
ცნობილია, რომ დაკარგული ტურისტებიდან ერთ-ერთს, გოგს ფეხი აქვს დაშავებული, რაც შესაძლოა მათ გადაადგილებას კიდევ უფრო ართულებს.
რეინჯერები და მონადირეები სამძებრო სამუშაოებს ამ დრომდე განაგრძობენ.
დაკარგულ ტურისტებთან კონტაქტი, ბოლოს გუშინ შედგა.