„ოქროს ჩარდახის“ რეკონსტრუქცია გასული წლის მარტში დაიწყო. მალევე, სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომლებიც სამუშაოების მანამდე შეჩერებას მოითხოვდნენ, სანამდე ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნებისა და რესტავრაციის ზუსტი მეთოდიკის საკითხები არ დაზუსტდებოდა. საინიციატივო ჯგუფსა და მერიის წარმომადგენლებს შორის, ადგილობრივ თვითმმართველობაში შეხვედრაც გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.
„ოქროს ჩარდახის“ რესტავრაციის პროექტი ისე დამტკიცდა და სამუშაოები ისე დაიწყო, რომ საზოგადოებამ არაფერი იცოდა.
„ოქროს ჩარდახის“ რეკონსტრუქციას “ივერთმშენი” 955 555 ლარად ახორციელებდა, თუმცა სამუშაოების დაწყებიდან სამ თვეში მერიამ, კომპანიას, ვადებისა და აღებული პასუხისმგებლობის შეუსრულებლობის გამო, ჯერ ხელშეკრულება შეუწყვიტა, შემდეგ კი – დააჯარიმა. ამის საპასუხოდ, კომპანიის დირექტორმა ქუთაისის მერიას სასამართლოში უჩივლა. “ივერთმშენთან” ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, ქუთაისის მერიას ობიექტის კეთილმოსაწყობად ტენდერის გამოცხადება ორჯერ მოუხდა. ბოლო ტენდერში შპს „მანე ლუქსმა” გაიმარჯვა. მხარეებს შორის ხელშეკრულება კი 2023 წლის 13 ოქტომბერს, 1 752 909 ლარზე გაფორმდა.