ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა ქუთაისში, ძველი აეროპორტის ტერიტორიაზე დაიწყო – ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
აღნიშნული განცხადება კომპანია “აიგრუპის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანმა ექსკლუზიურად “კვირის პალიტრასთან” გააკეთა.
– ექსკლუზიურად გაგიმხელთ, რომ გასულ კვირას ავტომშენებლის ქუჩაზე, ძველი აეროპორტის ტერიტორიაზე, უკვე დაიწყო მუშაობა. ელექტრომობილების საწარმოს ქუთაისში აშენება ადგილობრივი ავტოწარმოების ტრადიციებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ. ამ მასშტაბის საწარმო აუცილებლად შეუწყობს ხელს რეგიონის განვითარებას. პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება: პირველად აშენდება ელექტრომობილების ამწყობი საწარმო, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება. პროექტის თანახმად, ქარხანა ოთხი მოდელის ელექტრომობილს გამოუშვებს. საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით: Made in Georgia კი ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება – განაცხადა “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში კახა გულედანმა.
მომავალი წლიდან ქუთაისი ოფიციალურად დაიბრუნებს ავტომშენებელი ქალაქის სტატუსს, თანაც უძველესიდან პირდაპირ სუპერთანამედროვეზე გადაერთვება და დაიწყებს როგორც ჩინური, ისე სრულად ქართული, ზვიად ციკოლიას დიზაინით შექმნილი ელექტრომობილების წარმოებას წარწერით: Made in Georgia! კომპანია “აიგრუპი” ქუთაისში 100 ჰა ფართობზე აშენებს ინდუსტრიულ კომპლექსს, სადაც ელექტრომობილების საწარმოს გარდა, იმუშავებს მზის პანელების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საწარმოებიც. ყველა მათგანის ამუშავების შემდგომ კომპლექსში 3000-მდე კაცი დასაქმდება და როგორც კომპანიაში ამბობენ, 100% ადგილობრივი მცხოვრები იქნება!
bpn.ge