ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსის 9 აგვისტოს არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ქვეყნის ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ევროკომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელიმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც ბერლინში გაიმართა.
„თქვენ იცით, რომ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს და ხელისუფლების ქმედებებს მივიჩნევთ მიუღებლად. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ხალხს, ვგმობთ რეპრესიებს და ხელისუფლებას ვთხოვთ ხალხთან დიალოგი დაიწყოს“ , – განაცხადა ბორელიმ.
მისივე თქმით, ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები რაც შეიძლება მალე უნდა დაწესდეს.