დღეს “TV მონიტორინგისა” და “მთავარი” არხის ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.
“TV მონიტორინგის” ჟურნალისტსა და ოპერატორს თბილისში, დიდუბეში ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ სცემეს. ძალადობაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა.
ბექა პირველს დაზიანებები თავისა და სხეული სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული, ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შოთა სადაღაშვილს კი ხელი აქვს ნაღრძობი. ჟურნალისტი მომხდარს უკავშირებს მათ ეთერში რამდენიმე დღის წინ გასულ მასალას საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებულ პრობლემებზე, რომელიც მძღოლებს არ მოეწონათ.
“ბილეთები ავიღეთ, ავდიოდით მარშუტკაში, ამ დროს მძღოლმა დაგვიძახა, გვიცნო სავარაუდოდ, თქვენ არაკაცები ხართო, კაცურ საქციელში იჭრებითო, რატომ აკეთებთ ეგეთ რაღაცებსო… შემდეგ აღარ წაგიყვანოთო, ფული დაგვიბრუნა და აღარ მიმყავხართ აქედანო. საშინელი ენით გვაგინებდა. ჩანთები რომ ჩამოგვიყარა მაგის გადაღება დავიწყე, გადაღება დავიწყე თუ არა, იმ წამს ხუთი კაცი დაგვესია, ვინ სად გვირტყამდა, ახლაც ვერ ვიაზრებ, მარტო ის მახსოვს, რომ შუაში მომიმწყვდიეს და თავში მირტყამდნენ გამეტებით, წიხლებს და ხელებს, ყველაფერს…. სავარაუდოდ, მეუბნებიან, რომ ჰემატომაა თავის ტვინის”, – ყვება ბექა პირველი.
დღეს დილით, სუფსაში, თავს დაესხნენ “მთავარი არხის” ჟურნალისტს ლადო მენაბდესა და ოპერატორს, მანუჩარ მჟავანაძეს. დააზიანეს არხის კუთვნილი ტექნიკაც. ლადო მენაბდეს ექიმების დახმარება დასჭირდა.
ჟურნალისტს და ოპერატორს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ ფიზიკური, დაამტვრიეს კამერა.
კადრების მიხედვით თავდამსხმელების იდენტიფიცირება მარტივადაა შესაძლებელი. ლადო მენაბდე მომხდარს იმ სიუჟეტს უკავშირებს, რომელზეც დღეს დილიდან მუშაობდა სუფსაში. ის პოლიციის განყოფილებასთან იმყოფებოდა და ეძებდა ერთ-ერთ სამართალდამცავს, რომელსაც ადიკო ივანიშვილთან აქვს ურთიერთობა და მისი ხელშეწყობით დაინიშნა ისევ პოსტზე.