ვფიქრობ, მსხვილ ბიზნესს შეუძლია თავად იპოვოს როგორ შიგა, ისე გარე ფინანსური რესურსები, რათა რეორგანიზაცია მოახდინოს და ბაზარზე თავისი ადგილი შეინარჩუნოს. ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „კვირის პალიტრასთან” საუბრისას განაცხადა.
„მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კი მოკლევადიანი სოციალური პროგრამები უნდა ამუშავდეს. თუმცა ახლა ამაზე არ ვილაპარაკებ, მინდა პერსპექტივა, გრძელვადიანი პროგრამა დავინახოთ. დღეს საქართველოში, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ეკონომიკის რესტარტი შეუძლებელია და აგიხსნით რატომ. იმ გაგებით, რაც დასავლეთშია, ჩვენ ეკონომიკა არა გვაქვს. როცა დასავლეთში ლაპარაკობენ ეკონომიკის ხელახლა გაშვებაზე, ძირითადად, იგულისხმება ინდუსტრიული სექტორის ამუშავება, რაც ჩვენთან, ფაქტობრივად, არ არსებობს. როცა ჩვენ ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ძირითადად, ვგულისხმობთ მომსახურების სფეროს – ტურისტულ ბიზნესს, სასტუმროებს, რესტორნებს და ა.შ. ჩვენ კი გამოვაცხადეთ, რომ ეს ბიზნესები საგანგებო მდგომარეობის გამო დავკეტეთ, მაგრამ რომ არ დაგვეკეტა, ისინი თავისით დაიკეტებოდნენ. ამიტომ დღეს საქართველოს მაგალითზე ეკონომიკის მოქოქვაზე საუბარი არარეალურია, ქარხნები და ფაბრიკები ისედაც, ფაქტობრივად, არა გვაქვს და რაც გვაქვს, არც გაჩერებულა.
მეტსაც გეტყვით – ეკონომიკის რესტარტს იმ სახით, რაც კრიზისამდე გვქონდა, აზრი არა აქვს. ტურისტულ ბიზნესში დღეს რესურსების ჩადება წყალში გადაყრილი ფულია. ტურისტული მიმოსვლა რადიკალურად შემცირდება რამდენიმე წლის განმავლობაში მაინც. შესაბამისად, ხელოვნურ სუნთქვაზე ბიზნესის კვება ქარისთვის გატანებული რესურსი იქნება, რადგან იმ მასშტაბის ტურისტული ბიზნესი, რაც აქამდე იყო, მაინც ვერ ამუშავდება. ამიტომ ხელისუფლებისთვის ამოცანას ის ართულებს, რომ ჩვენ დაგვჭირდება ეკონომიკის რესტარტი არა იმ სახით, რა სახითაც მანამდე არსებობდა, არამედ უფრო ინდუსტრიული, ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების მიმართულებით, რითაც გადაწყდება, მათ შორის, დასაქმების საკითხებიც. აქამდე სამყაროს ჰქონდა ილუზია, რომ ფული იყო დომინანტი და ბოლო 50 წლის განმავლობაში მაქსიმალურად იბერებოდა მომსახურების სფეროს ბუშტი, კაცობრიობა სამომხმარებლო ბულემიით დაავადდა. ეს ყველაფერი დამთავრდა!