დღეს, ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალი საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით, ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება. ეს პირველი მინისტერიალი იქნება, რომელიც ფიზიკური დასწრების გარეშე, დაცული ტელეკონფერენციის მეშვეობით წარიმართება, – ამის შესახებ ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა კეი ბეილი ჰაჩისონმა განაცხადა.
„ეს რეჟიმი არ მოგვწონს, რადგან გაცილებით უფრო მეტად მოგვწონდა, როდესაც გვქონდა შესაძლებლობა შევკრებილიყავით და გვესაუბრა ჩვენი საერთო რისკების და შეკავების მექანიზმების შესახებ. რა თქმა უნდა, ახლა ამ პანდემიის გამო, ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია შეკრება, ამიტომ მინისტერიალს ვირტუალურად ვაკეთებთ და მჯერა, რომ კარგი შედეგები გვექნება, რადგან დისკუსიები ისევე გაიმართება, როგორც იმ შემთხვევაში რეალურად რომ შევკრებილიყავით,“-განაცხადა კეი ბეილი ჰაჩისონმა.