დიდი ბრიტანეთი ბელარუსისათვის ახალ სანქციებს აწესებს. ამის შესახებ ბელარუსული მედია წერს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სანქციები ბელარუსიის ავიახაზების ფრენების ბრიტანეთში დაჯდომის აკრძალვას ითვალისწინებს.
ბრიტანეთის წარმომადგენლებს ახლა ეკრძალებათ ბელორუსული ფასიანი ქაღალდების ყიდვა და რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის სესხის გაცემა.
შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.
პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით, ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.