ავსტრალიაში ძალაში შევიდა კანონი “კავშირის გაწყვეტის უფლების” შესახებ, რომელიც დაიცავს იმ დასაქმებულების უფლებებს, რომლებიც სამუშაო დღის დასრულების შემდეგაც იძულებულნი არიან, უფროსთან “ხაზზე იყვნენ”.
ახალი კანონი დასაქმებულს უფლებას აძლევს, სამუშაო საათების დასრულებისთანავე დააიგნოროს დამსაქმებლის შეტყობინება, ელფოსტა თუ ზარი, თუმცა, მისი უარი კომუნიკაციაზე “გონივრული” უნდა იყოს.
BBC-ცნობით, არსებობს კვლევა, რომლის მიხედვითაც ავსტრალიაში დასაქმებულები, ყოველწლიურად, 281 ზეგანაკვეთურ საათს მუშაობენ.
კანონი არ უკრძალავს დამსაქმებლებს სამუშაო საათების შემდეგ დასაქმებულთან დაკავშირებას, არამედ დასაქმებულებს აძლევს უფლებას, არ უპასუხონ, თუ მათი უარი კომუნიკაციაზე “არაგონივრულად” არ მიიჩნევა.
გონივრულია თუ არ არის გონივრული კომუნიკაციაზე უარის თქმა, ამას, დავის შემთხვევაში, ავსტრალიის “სამართლიანი სამუშაო გარემოს კომისია” დაადგენს.
კანონის თანახმად, დასაქმებულები და დამსაქმებლები უნდა ეცადონ, პრობლემა საკუთარი ძალებით გადაჭრან, ხოლო თუ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება, საქმეში “სამართლიანი სამუშაო გარემოს კომისია” (FWC) ჩაერთვება. შემდეგ, FWC-ს შეუძლია დამსაქმებელს უბრძანოს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, დასაქმებულთან დაკავშირება შეწყვიტოს; ხოლო თუ აღმოაჩენს, რომ კომუნიკაციაზე უარი თანამშრომლის მხრიდან არაგონივრულია, პასუხის გაცემა დაავალდებულოს.
FWC-ის ბრძანებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს დაჯარიმება: დასაქმებულისთვის 19 000 ავსტრალიური დოლარის, ან კომპანიისთვის – 94 000 ავსტრალიური დოლარის ოდენობით.
წყარო: BBC