გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებულს მეუღლესთან, გარდაცვლილ, ლალი დათუნაშვილთან კონფლიქტი ხშირად ჰქონდა.
„ადვილად გამოდიოდა მდგომარეობიდან და ხშირად ჰქონდა კონფლიქტი მეუღლესთან. ლალი დიასახლისი იყო, ძალიან კარგი და მოწესრიგებული ქალი. ორი ბიჭი ჰყავთ, უმცროსს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. წასული ვიყავი, ჩამოვედი და დამხვდა სასაკლაო“, – თქვა ერთმა ადგილობრივმა „პრაიმტიმთან“.
მეორე გარდაცვლილი, რომელიც დღეს ზაზა დათუნაშვილმა ცეცხლსასროლი იარღიდან გასროლით ქუჩაში მოკლა, 46 წლის კახა სანიშვილია.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი მარტო ცხოვრობდა.
მძიმე მდგომარეობაში იმყოფება შემთხვევის შედეგად დაჭრილი მამაკაცი, რომელიც ოპერაციისათვის გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალიდან“ თბილისში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, 51 წლის მამაკაცმა, მეუღლე და მეზობელი მოკლა, ორი ადამიანი კი დაჭრა. მომხდარი ფაქტის შემდეგ, ის საკუთარი ავტომანქანით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის პოლიციამ დააკავა და სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.