პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რეგიონებში მხარდამჭერებთან შეხვედრებსა და პარტიული ინფრასტრუქტურის მშენებლობას განაგრძობს. გიორგი გახარიამ პარტიის ახალი ოფისები დღეს სენაკსა და ხობში გახსნა. პარტიას ამჟამად უკვე 23 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში აქვს რეგიონული ოფისი, რომლებიც მხარდამჭერებისა და პარტიაში გაწევრიანების მსურველების მობილიზებას ეწევიან და პარტიული საქმიანობას იწყებენ.
გახარიამ დღეს მედიის კითხვებსაც უპასუხა და მუნიციპალიტეტების დონეზე ისაუბრა პარტიის ხედვაზე – როგორ აპირებს პარტია „საქართველოსთვის“ მოსახლეობის მდგომარეობის სწრაფად გაუმჯობესებას მუნიციპალიტეტებში.
„ჩვენი ძირითადი სტრატეგია იქნება, პირველ რიგში მიმართული კონკრეტული ქალაქების და მუნიციპალიტეტების შემდგომ განვითარებაზე და ამ გეგმების წარდგენა მოქალაქეებისათვის. თითოეულ ქალაქზე და მუნიციპალიტეტზე იქნება დეტალურად განსაზღვრული პროგრამა: ბიუჯეტის, ბიუჯეტის გაზრდის, ხარჯვითი ნაწილის და ყველაფერი ის, რაც ადარდებს ჩვენს მოქალაქეს, კონკრეტული შეხება რასთანაც აქვს: წყალი, გზა და ასე შემდეგ… თუ როგორ შეიძლება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გაზრდა, როგორ შეიძლება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კონტროლი, რა მაკონტროლებელი ფუნქცია უნდა ჰქონდეს საკრებულოს, და რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს მერს. და ყველაზე მნიშვნელოვანი – ამ პროგრამის გათვალისწინებით თითოეული ქალაქისთვის და მუნიციპალიტეტისთვის იქნება პროგრამა, როგორ უნდა აღვადგინოთ ამ ქალაქის და მუნიციპალიტეტის ძველი ფუნქციები ან განვსაზღვროთ მათი ახალი ფუნქცია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.“ – ამბობს გახარია.