ქუთაისმა იმ ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა , რომლებმაც ისტორიულ სამშობლოში დასაბრუნებლად ფეხით 1450 კილომეტრი გამოიარეს. ისინი 31 დღე იყვნენ გზაში. ფერეიდანიდან სამშობლოში, წინაპრების ფუძეზე დაბრუნებულ სამ ქართველს შაჰრამ ონიკაძეს, ომიდ გუგუნაშვილსა და ისმაილ დავითაშვილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და სტუდენტებმა გულთბილი შეხვედრა მოუწყეს.
„ყველა ქართველი საქართველოში უნდა იყოს’’- სწორედ ასე გადმოსცა შაჰრამ ონიკაძემ საქართველოში მსვლელობის მიზანი . გვიყვება რომ 31 დღის განმავლობაში საქართველოსკენ ფეხით მოემართებოდა, სირთულეების მიუხედავად შეძლო მშობლიურ მიწას მთხვეოდა, რათა სხვა ფერეიდნელი ქართველებისთვის მიეცა მაგალითი.
გვიყვება რომ მხოლოდ სამშობლოსგან შორს მყოფი ქართველი შეიგრძნობს მძაფრად მიწის სურნელს და მხოლოდ მონატრებული ადამიანის გული იწყებს ძგერას მშობლიურ მიწასთან მიახლოების დროს. სამშობლოს სამოთხესთან აიგივებს. სურს, რომ ყველა ქართველი ერთად ძლიერ საქართველოში იხილოს.
პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე ფერეიდნელ ქართველებს ჩამოსვლის პირველივე დღიდან არ მოშორებია. ამბობს, რომ სწორედ ასეთ ღირსეულ ქართველებზე დგას საქართველო. „ფერეიდნელი ქართველების ჩამოსვლამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ საქართველოს ხალხს შეუძლია დიდი კონსოლიდაცია!“-განმარტავს ის.
შორენა გიორგაძე ფერეიდნელ ქართველებთან შესახვედრად მოსწავლეებთან ერთად მივიდა. ფიქრობს, რომ სწორედ ასეთი ქართველების სულისკვეთებით უნდა იზრდებოდნენ ბავშვები.
ფერეიდნელი ქართველები საქართველოში 22 სექტემბრამდე დარჩებიან და ყველა კუთხეს ესტუმრებიან. „მთელი საქართველო უნდა მოვიაროთ, რათა ამ ბიჭებმა ნახონ, რომ ცისარტყელასებრი მათი მარათონის მასპინძელი სრულიად საქართველოა“ – განაცხადა ტარიელ ფუტკარაძემ.