“ბოლო სამუშაო დღე” – ქუთაისში დღეს 8 იანვარს სპექტაკლის პრემიერა შედგა, რომლის რეჟისორიც ქუთაისელი ახალგაზრდა გიორგი კაშიაა, სამხატვრო ხელმძღვანელი კი ლევან ქობლიანიძეა. სპექტაკლში მონაწილეობენ ნოდარ მელაძე, გიგა აბულაძე, დავით ჩოგოვაძე და ანა მიქაძე.
“ბოლო სამუშაო დღე”-ში მოქმედება მაღაროში ვითარდება, სადაც ორი ახალგაზრდა მუშა ლუკმა-პურის ფულის საშოვნელად ჩადის, თუმცა უკან ვეღარ ბრუნდება.
პიესა “ბოლო სამუშაო დღე” ჟანრობრივად აბსურდია და მოქმედება ვითარდება მოახლოებული ტრაგედიის აღმოჩენიდან შედეგამდე. პიესაში ჩანს პერსონაჟების უკან მყოფი სოციალური მდგომარეობა, მატერიალური თუ სულიერი სიდუხჭირე. მათი ერთადერთი მოთხოვნა შექმნილ მოცემულობაში ხმამაღლა ლაპარაკია, რათა მსგავსი ტრაგედია არ განმეორდეს სხვა დასაქმებული ადამიანების შემთხვევაშიც. გმირები გზაშივე აღწევენ ისეთ სულიერ კმაყოფილებებს როგორიცაა: მონათვლა, რწმენის დაბადება, პროტესტი. პიესაში ასევე გამახვილებულია ყურადღება და დასმულია კითხვა ”რისთვის ვცხოვრობთ”? რომელსაც თვითონვე ცემენ პერსონაჟები პასუხს – ‘’არსებობისთვის’’.
სპექტაკლი ”ბოლო სამუშაო დღე” ღია პროტესტს უცხადებს ყველა ორგანოს, რომელსაც ევალება უსაფრთხოების ზომების დაცვა სამუშაო სივრცეებში და არ ასრულებს კანონის მიხედვით დაკისრებულ მოვალეობებს. სპექტაკლი სოლიდარობას უცხადებს უსაფრთხოების ზომების დაუცველობის გამო მომხდარი ტრაგედიების დაღუპულ გმირებს და მათ ოჯახებს.
სპექტაკლის პრემიერა ასევე 9 და 14 იანვარს გაიმართება, დასწრება თავისუფალია.