საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ თანამემამულეების დასახმარებლად, ხდება ყველა მოქალაქის აღრიცხვა და მათი სამშობლოში დაბრუნება მოხდება ეტაპობრივად.
მისი თქმით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები აგროვებენ ინფორმაციას მოქალაქეების შესახებ, ყველას ადგილზე აღმოუჩენენ დახმარებას და მათი გამომგზავრებაც უზრუნველყოფილი იქნება.
„ჩვენ ვაგროვებთ ყველა მონაცემს. ამ ინფორმაციის შემდგომი აკუმულაცია და კოორდინაცია ხდება ყველა იმ უწყებასთან, რომელიც არის ჩართული ამ ხალხის მიღებაში, ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და ამის მიხედვით ხდება რეისების დაგეგმვა. ბოლო ორი კვირის მანძილზე 3000 მოქალაქე გვყავს გამოყვანილი. არც ერთ ქვეყანას მსგავსი ქმედება, მსგავსი სახის ევაკუაცია საკუთარი მოქალაქეების არ განუხორციელებია. ჩვენზე დიდმა და ძლიერმა სახელმწიფოებმა ვერ გააკეთეს ეს”- განაცხადა ზალკალიანმა.