აღსანიშნავია, რომ Bloomberg Billionaires Index-ში შემავალი მილიარდერებიდან 21-მა სულ ცოტა 1 მილიარდის ქონება დაკარგა. ამის მიზეზი აშშ-ჩინეთს შორის გართულებული სავაჭრო ურთიერთობებია, რომელზეც რეაგირება მოახდინა ბაზარმა.
დანაკარგი განიცადეს აზიელმა მილიარდერებმაც, ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე მონაწილე აზიური კომპანიების ყველაზე მდიდარმა 10-მა მილიარდერმა 1 დღეში 19 მილიარდი დოლარი დაკარგა.
ამ ვარდნის მიუხედავად, მსოფლიოს უმდიდრესი 500 ადამიანი მაინც ფლობს 5,4 ტრილიონი დოლარის კაპიტალს, ეს კი 11%-ით მეტია 2019 წლის 1 იანვრის მონაცემებთან შედარებით.
ქონება შეუმცირდა, ბიძინა ივანიშვილსაც, რომელიც საქართველოდან ერთადერთი ადამიანია Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში. კერძოდ, დღეის მდგომარეობით, რეიტინგში ის 343-ე ადგილზეა, მაშინ როცა 19 ივლისის მდგომარეობით, 349-ე პოზიციაზე იყო.
ინდექსის მიხედვით, 5-6 აგვისტოს პერიოდში ბიძინა ივანიშვილის ქონება 20 მილიონით; ხოლო ბოლო კვირაში – 100 მილიონი დოლარით არის შემცირებული. კერძოდ, ბოლო მონაცემებით, ივანიშვილის ქონება 5.25 მლრდ დოლარად არის შეფასებული, მაშინ როცა, 30 ივლისის მდგომარეობით, 5.35 მლრდ; ხოლო 5 აგვისტოს მდგომარეობით – 5.27 მლრდ დოლარი იყო.
5.25 მლრდ დოლარად ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 4.25 მილიონი უნცია ოქრო და 98.6 მილიონი ბარელი ნავთობი. მისი ქონება უტოლდება შეერთებული შტატების მშპ-ს 0.0291%-ს, შეერთებულ შტატებში „ტოპ“ 200 აღმასრულებელი დირექტორისთვის მიცემული კომპენსაციის 83%-ს, შეერთებული შტატების „ტოპ“ 100 კოლეჯის შემოწირულობის 1.33%-ს.
აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი – 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.
გამოცემას ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, სადაც ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.
„ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა,“ – იუწყება გამოცემა.
ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია.
BPN.GE